ქართული სასულიერო კერები კვიპროსზე
კვიპროსი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. ჯერ კიდევ I საუკუნეში აქ ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ. ბარნაბა მოციქულის წმინდა საფლავი დღეს კვიპროსში მდებარეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, თურქების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. აქ განისვენებენ მოციქული ბარნაბა და ოთხი დღის მკვდრეთით აღდგომილი ლაზარე, რომელის საფლავიც კვიპროსის ერთ-ერთ დიდ ქალაქში - ლარნაკაში გახლავთ.
თავისებური მდებარეობის გამო სამი კონტინენტის - ევროპის, აფრიკისა და აზიის მიჯნაზე კვიპროსს საუკუნეთა მანძილზე ჰქონდა მრავალმხრივი, მრავალფეროვანი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანასთან და ხალხთან. იმ ხალხთა შორის, რომელთაც ჰქონდათ კვიპროსთან კავშირი, ყოფილან ქართველებიც.
ეს კავშირი განსაკუთრებით თვალსაჩინოა XI-XII საუკუნეებში, როდესაც მძლავრი პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის გზაზე დამდგარი საქართველო აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაადგა. ქვეყნის გარეთ აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, რომლებიც ქართულ კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდნენ. იერუსალიმში, სინას მთაზე, ათონსა და პეტრიწონში იქმნებოდა ქართული ორიგინალური თხზულებანი, ითარგმნებოდა ქართულიდან ბერძნულად და ბერძნულიდან ქართულად. ამ პერიოდს ეკუთვნის ქართველი მემატიანის ცნობა, რომლის მიხედვით დავით აღმაშენებლმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისაცა, მთაწმიდისა და ბირღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა... აღავსნა კეთილითა“.
ამავე პერიოდში უნდა ვივარაუდოთ, კვიპროსზე საგანგებო ქართული სავანის დაფუძნება, რომელიც „ღალიას“ (ან „ჟალიას“) სახელით არის ცნობილი.
მე-19 საუკუნის დასაწყისში გიორგი ავალიშვილმა იერუსალიმიდან ჩამოიტანა X ს. დავითნის თარგმანი, რომელიც ღალიას მონასტერშია გადაწერილი. ამ ცნობიდან, ჩანს, რომ X ს-ში კუნძულ კვიპროსზე იყო რამოდენიმე სამონასტრო ცენტრი: სახელდობრ სოფ. ჟალიას ანუ ღალიას მახლობლად, დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით ყოფილა ცალკე სავანე. თამარ მეფეს განუახლებია ძველად არსებული მონასტერი ღალია და აუშენებია ახალი. (შ. ამირანაშვილი.)
კვიპროსელი მმართველი სტეფანე კუზინიანისის „კვიპროსის აღწერა“-ში გვხვდება, რომ ქართველები პალესტინიდან ჩასულან 1291 წ. გადმოხვეწილები 11 ენაზე ლაპაარაკობდნენ და მათ შორის ქართველებიც იყვნენო. (ივ.ჯავახიშვილი. გაზ. „წიგნის სამყარო“ 1973 წ. №3)
„ძველი ქართული მწერლობის კერებში“ პროფესორი ლევან მენაბდე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ XIV საუკუნეში კვიპროსში ქართული კოლონია არსებობდა, მაგრამ „გვიანი ხანის ქართველმა მოგზაურებმა ტ.გაბაშვილმა (1758 წ.), ი.გედევანიშვილმა (1784 წ.) და გ.ავალიშვილმა (1820 წ.) კვიპროსზე ქართველთა ნაკვალევი ვეღარ ნახეს“.
საქართველოს კონტაქტებს კვიპროსთან უფრო გვიანდელ პერიოდში ადასტურებენ ყველაზე დიდი სამონასტრო ცენტრის - კიკოს რელიქვიები, რომელთა შორის ყურადღებას იქცევს მონასტრის მთავარ ხატზე ჩამოფარებული, ოქრო-ქარგულობით დამშვენებული დაფარნა, რომელიც 1962 წელს უნახავს კიდეც ო.გიგინეიშვილს კვიპროსის ქართულ სიძველეთა შესწავლისას.
კიდევ ორი წყარო იხსენიებს ღალიას მონასტერს: ერთი მათგანი გვაუწყებს, რომ 1461 წელს ჯვაროსნების შინაომის შედეგად ღალია განადგურდა, მეორე კი გვამცნობს, რომ 1935 წლამდე იგი მოქმედ ბერძნულ მონასტერს წარმოადგენდა.
1962 წ. პროფესორმა ოთარ გიგინეიშვილმა ჩაატარა კვლევა კვიპროსში და თუმცა მონასტერს ვერ მიაგნო, საკმაოდ ზუსტად განსაზღვრა საძიებელი არე. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე მიზნის მისაღწევად დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა კვიპროსში ხანგრძლივ მივლინებაში მყოფმა ინჟინერმა კ.გველესიანმა, მაგრამ უშედეგოდ.
1981 წელს კვიპროსს ეწვია აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ ჯობაძე, რომელმაც დაადგინა ღალიას მონასტრის ზუსტი ადგილმდებარეობა. მონასტრის ნანგრევების და ქართული წარწერების შესწავლით დაადასტურა მისი ქართული წარმოშობა და მსგავსება ტაო-კლარჯეთის მე-9-10 საუკუნეების არქიტექტურასთან.
ორიოდე წლის შემდეგ, 1983 წლის დეკემბერში, ღალიას მონასტერი მოინახულეს და კინოფირზე აღბეჭდეს პროფესორმა ალექსანდრე ალექსიძემ, სოსო ცისკარიშვილმა და ლომერ ახვლედიანმა.
ღალიას (ჟალიას, იალიას) ქართული მონასტერი
ისტორიული ცნობები
როგორც აღვნიშნეთ, ღალიას ქართული მონასტერის დაარსება XI-XII საუკუნეებში უნდა ვივარაუდოთ. კვიპრეს ქართული „სანახები“ და მათ მიერ თამარ მეფის მზრუნველობა მოხსენიებულია ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში; ხოლო მეორე ისტორიული თხზულების, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ავტორი გვაუწყებს თამარის მიერ ღალიის „კვალად შემკობას“ და მონასტრის ადგილ-მამულის გაფართოებას. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, თამარს კვიპროსული მონასტრისათვის შეუძენია „მეტოქი“, ესე იგი, მცირე მონასტერი და მამული, თავისებური ფილიალი კონსტანტინოპოლში; შეუქმნია, ამგვარად, საქართველო-კვიპროსის დამაკავშირებელი თავისებური ეკონომიკურ-ადმინისტრაციული რგოლი. აღნიშნული აქციები, არსებითად, იმ აქტიური და მიზანდასახული პოლიტიკის გამოვლენაა, რომელიც ამოცანად ისახავდა გარკვეული პოლიტიკური და იდეოლოგიური ფორპოსტების შექმნას, პოზიციის ადგილის პოვნას იმ რთულ ისტორიულ პროცესებში, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში იწვევდა ჯვაროსნულ ლაშქრობათა ტალღა.
ღალიაში შესრულებული XI-XII საუკუნეების ხელნაწერის არსებობა ადასტურებს, რომ იგი ჩამოყალიბდა, აგრეთვე, როგორც კულტურულ-მწიგნობრული კერა. ადგილობრივი, კვიპროსული ცნობებით მათი წლიური შემოსავალი შეადგენდა 300 ოქროს დუკატს, რომელიც უტოლდებოდა კვიპროსის ყველაზე დიდი - ეგრეთწოდებული კიკოს მონასტრის შემოსავალს.
ქართულ ცნობებს ღალიას მონასტრის შესახებ ადასტურებს ვატიკანში დაცული ერთი დოკუმენტი - №1298, დათარიღებული 1306 წლით. მასში მოხსენებულია კვიპროსის სამი მონასტერი, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მონასტერი იაალ, ანუ იაილ, მდებარე კირსოფონის (კრისოკჰუ) სრუტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქებს იაილიასა და ფინეკლის შორის და რომელიც სწორედ ქართულ მონასტერს წარმოადგენდა.
1461 წელს კვიპროსის ფრანგი მმართველების შინაომების, დინასტიური კონფლიქტების ვითარებაში ღალიას მონასტერი დაურბევია მეომართა ერთ-ერთ რაზმს. რას წარმოადგენდა ამ დროს მონასტერი, როგორი იყო მის ბინადართა შემადგენლობა, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, XVIII საუკუნეში კვიპროსზე ჩამოსულ ქართველ მწერალსა და მოგზაურს ტიმოთე გაბაშვილს არ ხვდება არავითარი ცნობა აქ რაიმე ქართული სავანის, ან მისი კვალის არსებობის თაობაზე...
არქიტექტურა, ფრესკები და წარწერები
(ვახტანგ ჯობაძის 1981 წლის გამოკვლევის მიხედვით)
კვიპროსის ძველქართულმა კერამ, ჩვენს დრომდე სამწუხაროდ, ნანგრევთა სახით მოაღწია. ჩვენს საუკუნეში ტაძარი ჯერ კიდევ მყარად მდგარა. იგი 1935 წლამდე მოქმედებდა, როგორც ბერძნული სავანე. მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1953 წლის უმძლავრესი მიწისძვრა, რომელმაც მიწასთან გაასწორა ეკლესიის უმეტესი ნაწილი. მოღწეული ნანგრევების მიხედვით მაინც სავსებით შესაძლებელია მისი არქიტექტურული ტიპის, კონფიგურაციის, მასშტაბების წარმოდგენა. აზომვა გვიჩვენებს, რომ იგი წარმოადგენდა სამაბსიდიან ეგრეთწოდებულ ტრიქონქს. საკურთხევლისა და მასთან შეერთებული აბსიდების ზომები გვიდასტურებს მასშტაბს დიდი ეკლესიისა, რომელიც კარგად გათლილი და დამუშავებული ქვით ყოფილა ნაგები. კედლების ნაშთებზე ჩანს ფრესკების ფრაგმენტები, რომლებზედაც გამოსახულია სახარების ცალკეული სცენები ნატიფი ტექნიკით, ნათელი ფერებით შესრულებული. ფრესკის ერთ ფრაგმენტზე, რომლის ქვედა ნაწილი მიწისქვეშ არის მოქცეული, ჩანს რომელიღაც წმინდა მეომრის ფიგურა... (ახლახან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს, რომ ფრესკა წმიდა გიორგისაა, რომელიც მოთავსებულია შესასვლელ კედელზე ასევე ახლად აღმოჩენილ წმიდა გიორგის მცირე ზომის ეკლესიისა, რომელიც წრმოადგენს ცენტრალური ტაძრის მინაშენს ჩრდილოეთის მხრიდან). ის, რომ ჩვენს წინაშე სწორედ ღალიაა, კვიპროსის ცნობილი ქართული სავანე, ადასტურებს ქართული წარწერა. მონასტრის ერთ-ერთი თაღოვანი შენობის, სამრეკლოსა თუ კარიბჭის ნანგრევებზე მისი ექვსი ქვის ასომთავრულ წარწერათაგან მკაფიოდ იკითხება მხოლოდ ერთი: „ნიკოლოზს შეუნდონ ღმერთმან“. წარწერების და ფრესკების ნაშთები შეიძლება აღმოჩნდეს არქეოლოგიური ძიების შედეგად ნაგებობი მიწით დაფარულ ნაწილებზეც. შემდგომმა კვლევამ შეიძლება გამოავლინოს საინტერესო მასალა არა მარტო აღნიშნული ნაგებობის ფარგლებში, არამედ მის შემოგარენში, რადგან აქ, როგორც ჩანს, არსებობდა მთელი სამონასტრო კომპლექსი. ამას გვიდასტურებს რამდენიმე წუთის სავალზე კიდევ ერთი ნაგებობის ნანგრევები, რომელთაც ადგილობრივი მცხოვრებნი წმ. ნიკოლოზის ეკლესიას უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება ლენინგრადში დაცული, XII საუკუნით დათარიღებული ვრცელი ქართული ხელნაწერი ანდერძი, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს წიგნი დაიწერა „კვიპრეს ქართველთა მონასტერს ჟალიას არა ხოლო შინა, არამედ ორ მილიონ შორს მონასტრისაგან“. ვინ იცი, იქნებ სწორედ აქ, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში?
გელათური ტონდო
წმინდა მამაის გამოსახულებით
სოფელ იალიის მცხოვრებნი გვაუწყებენ, რომ მთავარ ნაგეობაბას უწოდებენ წმიდა მამაჲს სახელობის ეკლესიას. (ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მთავარი ტაძრის სახელწოდება ,,ხრისოიალიოტისაა“ ანუ ქართულად: ღალიის ოქრო-ღვთისმშობელი, ხოლო წმიდა მამაჲ-ს ეკლესია კვიპროსული წყაროების თანახმად დაახლოებით 3 კმ.ს მოშორებით მთავარი მონასტრიდან, რომელიც ჯერ-ჯერობით მცდელობის მიუხედავად არ არის მიკვლეული. ჯერჯერობით მიკვლეულია მთავარი ტაძარი: ხრისოიალიოტისა მასზედ ჩრდილოეთის მხრიდან მიშენებული წმიდა გიორგის ეკლესია, აქედან სამასი მეტრის მოშორებით არის წმიდა ნიკოლოზის მცირე ზომის ტაძრის ნანგრევი, ასევე სამი კილომეტრის მოშორებით აღმოჩენილია ბერის სავანე, სადაც სავარაუდოდ ითარგმნა ზემოთ ხსენებული ფსალმუნნი ბერძნულიდან ქართულად). აქედან სულ ახლოს, ქ. მორფუში არის წმ. მამაჲს მთავარი სალოცავი, მისი საფლავი და წმიდა ნაწილები; იმიტომაც, რომ ეს წმიდანი საქართველოს მეზობელი მხარიდან - პაფლაგონიიდან, პოპულარული ყოფილა ჩვენშიც (გავიხსენოთ ცნობილი ეგრეთწოდებული გელათური ტონდო ლომზე ამხედრებული წმინდანის გამოსახულებით).
მონასტერი გადმოჰყრებს ნაყოფიერ ველსა და ქალაქ იალიას. იგი მდებარეობს მთაზე, მდინარე იალიას მარჯვენა ნაპირზე, კრისოკჰუს ყურის ჩრდილო სანაპიროს აღმოსავლეთით, დაახლოებით 7 კილომეტრის დაშორებით. მონასტერი ნანგრევებადაა ქცეული და მთლიანად ფიჭვნარითაა დაფარული.
თუმცა ეკლესიის აბსიდის სამი ნაწილი, ისევე როგორც ორივე ნაწილი სამხრეთის კარიბჭისა, ჯერ კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზეა აღმართული.
ჩანაფიქრის მიხედვით, მონასტერს აქვს სწორკუთხა ფორმა და არის ძალიან პატარა. შიდა მოცულობაა: სიგანე 16,30 მ., სიგრძე 20 მ. თუ გავითვალისწინებთ მონასტრის დასავლეთი მხარის ნანგრევების გროვას, რომელიც შეიძლება კომპლექსის ნაწილს წარმოადგენდა, მაშინ შესაძლოა მონასტრის სიგრძე 5 მეტრით ვივარაუდოთ. მონასტრის უჩვეულოდ მცირე ზომები შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას იმ მიდამოებში სახნავი მიწების სიმცირით. სამონასტრო კომპლექსის ზოგიერთი ნაგებობა მდებარეობდა მისგან სამხრეთით სამი კილომეტრის მანძილზე, ე.ი. ტერიტორიაზე, რომელიც კარგ სახნავ მიწებს წარმოადგენდა. ამას მოწმობს ერთი ხელნაწერის ანდერძი, რომლის მიხედვითაც ხელნაწერი გადაწერილია არა მონასტერში, არამედ მის მიდამოებში.
მონასტრის გეგმა
საყურადღებოა მშენებლობის ტექნიკა და სამშენებლო მასალა. მონასტრის კედლები და ეკლესიის დასავლეთი მკლავი (სიგრძე 6,35 მ.) და სიმაღლე (50,05 მ.) თანაბარი, სწორკუთხოვანი მომწვანო ქვიშა-ქვითაა (0,15-0,24) ნაგები. მასალა დაწყობილია თანაბარ რიგებად, ფენებს შორის კირის მინიმალური გამოყენებით. სივრცე ინტერიერსა და შიდა ნაწილს შორის, რომელიც მოიცავს კედლის მესამედზე (0,70) მეტს, შევსებულია კირით გამაგრებული ხრეშით. ეს არ ეხება კედლის სამხრეთ ნაწილს, რომლის სისქე 0,49 მ-ია. მეორე მხრივ, ეკლესიის აბსიდების აგურის წყობა და ცილინდრისებური თაღოვანი ტიხარი, რომელიც მდებარეობს მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით, აგებულია სხვადასხვა ტიპის არათანაბარი ქვებისგან. სამხრეთიდან მონასტერში შესვლა შეიძლება ალაყაფის კარით, რომლის სიგანეა 3,55 მ. და რომლის დიდი ნაწილი დღესაც შემონახულია. ეზოს ცენტრში სამაბსიდიანი ეკლესიაა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის აბსიდების ნაწილები (სიგანე 3 მ. სიღრმე 1,80 მ.) აღმართულია სამ მეტრზე, მაშინ როდესაც აღმოსავლეთის აბსიდა აღარ არსებობს. ასეთი არქიტექტურა უჩვეულოა კვიპროსისათვის. IX-X საუკუნეებიდან იგი გვხვდება ტაოს (საქართველოს) სამხრეთ პროვინციებში (ორთული, დორთკილისა, ბაღჩალი-კიშლა, ისი). ყველა ამ სამაბსიდიან სახესხვაობებში გუმბათს იჭერს არა თავისუფლად მდგომი სვეტები, არამედ ეკლესიის გარეთა კედლები, ისევე როგორც იალიაში.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის აბსიდების შემორჩენილი ფრაგმენტები ცხადყოფენ, რომ მათი შიდა ნაწილი ნაგები იყო ქვიშაქვით და მოხატული იყო ფრესკებით. ეს ფრესკები ახლა იმდენად ჩამორეცხილია, რომ მათი შინაარსი შეიძლება მხოლოდ მიახლოებით ამოვიცნოთ.
ღალიას მონასტრის ფრესკები
სამხრეთის აბსიდის აღმოსავლეთ კედელზე გამოხატულია ორი წვეროსანი წმინდანი წელზევით. თოთეულ მათგანს თავზე აქვს განიერი, კაშკაშა ზოლი, სიგანით 0,06 მ. ორივე მანტიითაა შემოსილი. ზევით გამოსახული წმინდანის სამოსი მეწამული ფერისაა, ქვევითასი კი - მწვანე. სამხრეთის აბსიდის მეორე ფრაგმენტზე გამოხატულია საფლავად დადება, ხოლო ჩრდილოეთ აბსიდაზე კი სცენები ოთხთავიდან. ძალიან პატარა, მაგრამ კარგად შემონახული ფრაგმენტი დაცულია ტიხრის ცილინდრისებური თაღის დასავლეთ ფასადზე, რომელიც მდებარეობს მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით. მასზე გამოხატულია წმინდა მეომარი, რომლის წითელი სამოსი მარჯვენა მხარეს იკვრება თეთრი მძივებით მორთული სამაგრით; ტანსაცმელი ჩამოშვებულია უკან.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს ქართული ლაკონიური წარწერები ვედრების ფორმულებით, შესრულებული მრგვლოვანი ანბანით. ისინი ამოკვეთიილა სამხრეთის ალაყაფის კარის დასავლეთის წირთხლზე, რომლის სიმაღლეა 1,5 მ.
წარწერები ზედაპირულადაა ამოკვეთილი და განლაგებულია ოთხ მწკრივად. პირველი მწკრივის ასოები უფრო მცირე ზომისაა (0.06, 0.07), ხოლო ზოგიერთი მათგანი დაზიანების გამო გადაშლილია და აღარ იკითხება. მეორე მწკრივში ოთხივე ასო თითქმის მთლიანად გადაშლილია, მაგრამ მათი ამოკითხვა შესაძლებელია. მესამე მწკრივის ასოები შენახულია უკეთ. ისინი უფრო ღრმად ამოკვეთილნი და დიდი ზომისანი არიან (0,10). მეოთხე მწკრივში სულ ორი ასოა, რომლებიც ერთმანეთისაგან მოშორებით არიან ამოკვეთილი. სიტყვებს შორის არ არის ინტერვალი და განკვეთილობის ნიშნები.
წარწერების განლაგება გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ისინი არ უნდა იყოს შესრულებული მონასტრის მშენებლობის პერიოდში და შესაძლოა ამოკვეთილია უფრო გვიან, როცა ქვების ზედაპირი უკვე მოცვეთილი იყო, ან წინასწარი განზრახვით დაზიანებული. ამას ცხადყოფს ჰორიზონტალური ხაზები მეორე და მესამე რიგში, სადაც წარწერა ამოკვეთილი უნდა ყოფილიყო ბლოკის ქვედა, მეორე ნახევარში. ამის გარდა, პალეოგრაფიული ნიშნები და ასოთა განსხვავებული ზომები გვაფიქრებინებს, რომ ეს წარწერები ამოკვეთილია ქრონოლოგიურად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირთა მიერ. უკანასკნელი ასო - ნ - მეორე მწკრივში აშკარად სწორკუთხოვანია, მაშინ როდესაც იგივე ასო მესამე მწკრივში სამ შემთხვევაში მომრგვალებულია. პირველი მწკრივის ასოები უფრო მცირეა (0,06), ვიდრე მესამე მწკრივის ასოები (0,10). 1 სტრიქონის წარწერა ასევე ფრაგმენტულია, ზოგიერთი ასო კი წაშლილია იმდენად, რომ შეიძლება იგი სხვადასხვანაირად იქნეს ამოკითხული. მეორე სტრიქონში კვირიკეს ნაცვლად შეიძლება წავიკითხოთ რომელიმე სხვა სახელი, რომელიც იწყება კ-ზე და მთავრდება ე-ზე. მაგ., კირილე ან კონსტანტინე. მე ვერ გავიგე მნიშვნელობა მეოთხე სტრიქონის ორი ცალკეული ასოსი.
გთავაზობთ ქვაზე ასომთავრულით შესრულებული წარწერებიბს ფაქსიმილეს მხედრული ტრანსკრიპციით:
[ . . . ]
[ . . . ]
1. და ისან შ[(ეუნდვე)ნ]
2. კ(ვირიკე)ს შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ
3.
ღ(მერთმა)ნ შ(ეუნდოს)
ნიკ(ო)ლ(ო) ზს
მ(ა)თეს
შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ
4.
პ თ
ქვაზე ასომთავრულად შესრულებული წარწერების ფაქსიმილე
მხედრული ტრანსკირიფციით
ამ წარწერის დათარიღება ძნელია. პროფ. ვ. ცისკარიშვილის (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) აზრით, წარწერები არ უნდა იყოს შესრულებული XIII საუკუნეზე ადრე. იგი თავის მოსაზრებას ხსნის ერთმანეთთან ახლოს მდგომი ასოების ზომის შემცირებით, როგორც ეს ხდება, მაგ., მესამე მწკრივის მარჯვება ბლოკზე. ეს არგუმენტი დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქვისმთლელს ექნებოდა შესაფერისი ზედაპირი ამ წარწერების შესასრულებლად, რაც არ იყო მოცემულ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ამ წარწერების თარიღი შეიძლება მიახლოებით XIII-XIV საუკუნეებით შემოიფარგლოს.
წარწერების სიმოკლე არ იძლევა საშუალებას ამოვიცნოთ იქ ჩამოთვლილი პირები. ვფიქრობთ, III სტრიქონში მოხსენებული ნიკოლოზი შეიძლება გავაიგივოთ ნიკოლოზ დვალთან, რომელიც 1314 წელს აწამეს იერუსალიმში. მისი „ცხოვრება“ დაიწერა მისი სიკვდილისთანავე, XIV საუკუნის I ნახევარში. ეს ცხოვრება მოწმობს, რომ არაბებმა რამდენჯერმე ჩააგდეს წმ. ნიკოლოზ დვალი ციხეში მაჰმადიანური რელიგიის აბუჩად აგდებისთვის. ასეთ შემთხვევებში თანამოძმენი და იერუსალიმის მიტროპოლიტი მას ათავისუფლებდნენ ციხიდან. შესაძლოა, უსაფრთხოების მიზნით იგი გააგზავნეს კვიპროსზე, სადაც მან რამდენიმე ხანი მუშაობასა და ლოცვაში გაატარა.
მას ძილში გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც უთხრა ნიკოლოზს, დაბრუნებულიყო იერუსალიმში და აღესრულებინა დიდი ხნის ოცნება, კერძოდ, შეეწირა თავი ქრისტეს მსახურებისათვის.
სამწუხაროდ, ცხოვრების ავტორი არ მიუთითებს კვიპროსის იმ მონასტრის სახელს, რომელშიც ნიკოლოზი ცხოვრობდა. ეს მონასტერი უნდა ყოფილიყო სწორედ ღალია, რადგან იგი ერთადერთი ქართული მონასტერი იყო კვიპროსზე, რომელიც ნახსენებია ლიტერატურულ წყაროებში.
თუ ნიკოლოზ დვალი და ჩვენს წარწერებში მოხსენებული ნიკოლოზი ერთი და იგივე პირია, მაშინ ეს წარწერა შეიძლება შესრულებულიყო მონასტერში ნიკოლოზ დვალის მოღვაწეობის პერიოდში. წარწერის შესრულების დრო და ნიკოლოზ დვალის წამების ქრონოლოგიური სიახლოვე ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს.
ღალიას ბერები რომ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ, ამას მოწმობს იქ გადაწერილი ხელნაწერი - „ფსალმუნთა თარგმანება“, რომელიც ამჟამად დაცულია სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (11-18). მოგვყავს ამ ხელნაწერის ანდერძი:
„დიდება და მადლობა ... მოწყალესა სრულმყოფელსა ყოვლის კეთილისასა. დიდება ... ღმრთისმშობელსა, რომლის მადლითა, მეოხებითა, წყალობითა და შეწევნითა ... განვძლიერდი უძლური ესე და ჴორცითა კე ... და ჴელვყავ აღწერად ჟამსა სიბერისა წმიდასა ამას და უმეცართა გონიერ-მყოფელსა წიგნსა, თარგმანსა სამეოცდაათუხუთმეტთა ფსალმუნთასა ძალითა ღმრთისათა და მადლითა წმიდისა ღმრთისმშობლისათა, ხოლო კაცთაგანისა არცა ერთისა ვის შეწევნითა, წინამძღვრისა გინა ძმათათა, არამედ უფროსღა ძჳრთა შემთხვევითა მათგან, რამეთუ ზოგთა... წამიღეს და ზოგნი მეშურებოდეს, არცა ვის სიტყვა მიგია, არცა ვის თუალნი მოუდგამნ; არამედ თანაშემწე ჩემდა იყო ტკბილი იგი მეუფე და ღმერთი ჩუენი და მშობელი მისი ყოვლად წმიდა ღმრთისმშობელი, თუ არა მე რას ვიმოქმედებდი... იგინინ შემეწეოდეს, რაღამცა წინამძღუარისა ანუ ძმათა მიჴმდა შეწევნაჲ. - და ესე საცნაურ იყავნ, რომელ უკუეთუ ვინ გულისჴმა-ყოფით იკითხვიდეს, ამისებრი წიგნი არა რომელი არს თუ ღმრთისა განკაცებისათჳს ეძიებდე, ანუ ვნებათათჳს, ანუ აღდგომისათჳს, გინა სინანულისათჳს და ტირილისა და გლოჲსა, ანუ მარხვისა და მღვიძარებისა და ლოცვისათჳს, გინა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთათჳს. ყოველივე ძველი და ახალი ჰსჯული აქა შინა იპოვების. ხოლო დაიწერა კჳპრეს ქართველთა მონასტერსა ჟალიას არა ხოლო შინა, არმაედ ორ მილიონ შორს მონასტრისაგან.
ხოლო ზოგადმცა გვიხარის სამთავე: მე აღწერისათჳს და ჭირით შრომისა, ხოლო მკითხველსა შრომისა და ცხადთა კითხვისათჳს, ხოლო მსმენელთა საქმით აღსრულებისათჳს წარკითხულისა, რაჲთა თქუენითა სათნოებითა მეცა ვცხონდე... ამინ“.
ვარაუდობენ, რომ ხელნაწერი გადაწერილია X საუკუნეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღალიას ბერები ამ დროს უკვე ეწეოდნენ ლიტერატურულ მოღვაწეობას, მაგრამ არა მონასტერში, არამედ მისგან სამი კილომეტრის დაშორებით, როგორც აღნიშნავს ხელნაწერის გადამწერი. ამ სკრიპტორიუმის ზუსტი ადგილი უცნობია. იგი, ალბათ, მდებარეობდა ზღვასა და მონასტერს შორის იალიიის ველის ქვემო ნაწილში. ეს არის ბერძნული სახელწოდება იმ ტერიტორიისა, რომელიც ირწყვებოდა, ნაყოფიერი და ამდენად მიწათმოქმედებისათვის შესაფერისი იყო.
მონასტერი არსებობას განაგრძობდა XIII-XIV საუკუნეებამდე, რადგან თამარის მეფობის დროს აღდგენილ იქნა. გარდა ამისა, თვით მონასტრის წარწერები და ვატიკანში დაცული ზემოხსენებული დოკუმენტი ეჭვს არ იწვევენ, რომ ამ პერიოდში ეს მონასტერი ეკუთვნოდა ქართველებს და მოქმედი იყო.
შემდგომ ღალიას მონასტერი არსად აღარ იხსენიება. საოცარია, რომ მასზე არაფერს ამბობენ ქართველი მოგზაურები, რომლებიც 1758-84 და 1820 წლებში ეწვივნენ კვიპროსს, კერძოდ, კიკოს მონასტერს, რომელიც ღალიას მიდამოებში მდებარეობს.
კვიპროსზე ქართველების ყოფნა შეიძლება აიხსნას კუნძულის სიახლოვით ჩრდილო სირიასთან (100 კმ.), კერძოდ, ანტიოქიის დასავლეთ რაიონებთან, სადაც X საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნემდე ქართველები ფლობდნენ დაახლოებით 13 მონატერს. მათ დახმარებას უწევდნენ თანამემამულენი, რომელთაც პასუხსაგები ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავათ ამ რეგიონში, ან ბიზანტიელთა სამსახურში იმყოფებოდნენ; მათ შორის იყვნენ გრიგოლ ბაკურიანის ძე (+1086), მისი ძმა აბასი, რომელიც ფლობდა დიდ მამულებს ანტიოქიაში. გარდა ამისა, ადრეული პერიოდიდან კვიპროსი ექვემდებარებოდა ანტიოქიის ეკლესიას. მათი მიტროპოლიტები კურთხევას ღებულობდნენ ანტიოქიაში. ცნობილია აგრეთვე, რომ ლათინელთა მმართველობის დროს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, ანტიოქიის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი მონასტერი აქტიურად ვაჭრობდა კვიპროსთან. ქართულ-კვიპროსული ურთიერთობანი შემდგომ საუკუნეებშიც გაგრძელდა. 1780 წელს ქართველთა მეფე ერეკლე II-მ კიკოს მონასტერს შესწირა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და პერგამენტი. ეს ნივთები დღესაც დაცულია იქ.
ამავე დროს კიკოს მონასტრის წინამძღვარმა იოაკიმემ მიმართა მეფე ერეკლე II-ს მატერიალური დახმარებისათვის, რათა აღედგინა დამწვარი მონასტერი. თხოვნა შესრულებულ იქნა. ვარძიის მონასტრის შემოსავლის მესამედი გადაეცა კიკოს მონასტერს. თვითონ იოაკიმე საქართველოში ჩამოვიდა 1780 წელს. იგი მიიღო ერეკლე II-მ. იგი დასახლდა ვარძიაში, სადაც გააგრძელა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა.
საინტერესო გადმოცემა
კვიპროსელებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ღალიას მონასტერში დაკრძალულია ვიღაც მდიდარი ქართველი ქალბატონი, რომელსაც ისეთი სიმდიდრე ჩაატანეს, რომ მთელ კვიპროსს ააყვავებსო. ამიტომ დროდადრო სხვადასხვა ადამიანები თხრიდნენ ახლომახლო ტერიტორიას და ეძებდნენ განძს. ერთხელ, თურმე ამ მიზნით იქ ორი კაცი ჩასულა. გათხრების დროს მათ თავს დასხმიათ სამი დიდი გველი. თუმცა ქვეწარმავლებს ისინი არ დაუკბენიათ, მხოლოდ თავზე შემოხვევიან. შეშინებულებს სამუშაო იარაღი დაუყრიათ და გაქცეულან. სამიოდე თვის შემდეგ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ორივენი თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილან. მოსახლეობაში შიში გაჩნდა, ამბობდნენ, წმიდა მამაი იცავს ამ ქართველი ქალბატონის საფლავსო.
ისტორიული ცნობა მდიდარი ქართველი ქალბატონის განსასვენებლის შემდებ - მეტად საგულისხმოა. საინტერესოა, რომ მომლოცველთა მარშრუტი წმიდა მიწაზე აუცილებლად კვიპროსზე გადიოდა და თუ ზოგიერთი წმიდა მამის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ წმიდა მიწის მოლოცვა მათთვის კვიპროსის მოლოცვით იწყებოდა. შემორჩენილია ერთ-ერთი ჯვაროსნის ჩანაწერები, რომელიც მეცნიერმა ილია ტაბაღუამ ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში მოიძია. ჯვაროსანი წერს რომის პაპს ლაშა-გიორგის წმიდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ: „აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მე შევხვდი ლაშა-გიორგის, რომელიც სახით ალექსანდრე მაკედონელს ჩამოჰგავს. იგი მიასვენებდა თავისი დედის ცხედარს იერუსალიმში, მისი ანდერძისამებრ. ლაშა-გიორგი გზას დიდი ბრძოლით მიიკვლევდაო“. იერუსალიმში მიმავალ უფლისწულს აუცილებლად კვიპროსის გავლით უნდა ემოგზაურა. ამრიგად, სრულიად შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი თავისავე აშენებულ და გამშვენებულ ღალიას მონასტერში ჰპოვა.
სხვა გადმოცემის მიხედვით, ამბობენ, როდესაც თურქებმა აიღეს იერუსალიმი, იქ მყოფი ქართველები კვიპროსში გადავიდნენ და თამარის ცხედარიც იქიდან გადმოაბრძანესო.
კვიპროსის კიკოსის მონასტერს ჰქონდა მეტოქი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში. ეს ვარძია, როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, თამარის მიერვეა აშენებული. იგი თურმე ხატს მოაბრძანებდა ვარძიიდან, ერთ ადგილზე შეუსვენია. ამ დროს მას გამოცხადება ჰქონია და ამის საფუძველზე იქ ხსენებული მონასტერი დაუფუძნებია.
კიკუ - ბერძნულად ჩიტს ნიშნავს. გადმოცემით ცნობილია, რომ სადაც ჩიტი გალობდა, იმ ადგილზე ააგეს ღვთისმშობლის ეს სახელგანთქმული სავანე. ამბობენ, რომ ეს ჩიტი ასე გალობდაო: „დედოფალი მოვა ამ მიწაზე და სამუდამოდ აქ დარჩებაო“. თვითონ კვიპროსელები მიიჩნევენ, რომ ეს დედოფალი - ღვთისმშობელია, მაგრამ, შესაძლოა, დედოფალში თამარიც იგულისხმებოდეს.
არქეოლოგიური გათხრები ღალიას მონასტერში
საქართველოსა და კვიპროსის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, კვიპროსის რესპუბლიკის სიძველეთა განყოფილების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და სრულიად საქართველოს კათილიკოს-პატრიარქის ილია მე-II ლოცვა-კურთხევით საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2006 წლის 5 სექტემბერს კვიპროსზე მოავლინა მისი პირველი დელეგაცია, რომლის მიზანი იყო იალიას ქართულ მონასტერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
გათხრებს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არქეოლოგი, პროფესორი იულონ გაგოშიძე, ხოლო სიძველეთა განყოფილების მხრიდან არქეოლოგი გეორგიოს ფილოთეო.
ოთხი კვირის განმავლობაში დელეგაციამ განახორციელა ფართო მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები. იალიის მონასტრის ფართი ნანგრევების მიხედვით განისაზღვრა 500 მ2, დაზუსტებულ იქნა მისი საზღვრები და სამშენებლო ფაზები, ასევე ზუსტად განისაზღვრა მისი ქრონოლოგია.
მინასტრის უძველესი შენობაა სამკონქიანი ტაძარი, რომელიც აშენებული უნდა იყოს მე-10 ს. ღვთისმშობლის პატივსაცემად. მოგვიანებით, მე-11 საუკუნის ბოლოს, ან მე-12 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთის მხრიდან მას მიემატა სამლოცველო, მიძღვნილი წმინდა გიორგისადმი, როგორც ეს დასტურდება კედელზე ამოტვიფრული ქართული წარწერით. განადგურების შემდეგ, მონასტერი აღდგენილ იქნა მე-13 საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს თამარ მეფის ინიციატივით. იალიის ქართულ მონასტერში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა ასევე მე-13 ს-ის ბოლოს და მე-14 ს-ის დასაწყისში.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი სიძველეები - არქიტექტურელი ნივთები, ფრესკების ნაშთები, ფანჯრების ტიხარი, ბრინჯაოს ჯვარი, ტაძრის სხვა არქიტექტურული ნაშთები, ვერცხლის მონეტა, კერამიკული ნივთები თარიღდებიან ჩვ. წ. აღ. - ის 13-16 სს. მე-16 ს-ბით. მიტოვებული მონასტერი დაპყრობილ და დანგრეულ იქნა ბარბაროსულად, აყრილია იატაკი და აფეთქებულია შენობა. ამის მიუხედავად, ნათელად ჩანს, რომ მონასტერი მდიდარი უნდა ყოფილიყო. ამის დასტურია არქეოლოგიური მონაპოვრების ხარისხი, ასევე მარმარილოს იატაკი და არაჩვეულებრივი ხარისხის ფრესკები, რომლებიც მას ამშვენებდნენ.
იალიას მონასტერში არქეოლოგიური გათხრები კვლავაც გაგრძელდება.
ალამინოსის წმინდა გიორგის ეკლესია
ალამანოს წმ, გიორგის მონასტერი - მდებარეობს სოფელ პენტაკომოს სამხრეთ-დასავლეთით ერთნახევარ კილომეტრში, ნიქოზია-ლიმასოლის გზის სამხრეთით კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე.
ასეთი ცნობაა იტალიელი ავტორის კ. პერესტიანის ნაშრომში: „ქართული ეკლესია ალამინოსში, მეორე კი პოლისიხრეზოხუში მდებარეობსო“.
1300-1500 წლებში სოფ. ვასილიაში ქართულ-ივერიული ტაძარი არსებობდა. ალამინოსში არის წმიდა გიორგის ტაძრის ნანგრევები, რომლის კედლის ნიშში დასვენებულია წმიდა გიორგის ხატი და ადამიანის თავის ქალა და მტევნების ძვლები. ამ ნაწილებს იქაურები ქართველ მღვდელმთავრისად მიიჩნევენ და სანთლის ანთებისას მასაც, ხატთან ერთად პატივს მიაგებენ. (ივ. ჯავახიშვილი). (თავის ქალა დღესდღეობით აღარ არის).
ამ ნანგრევებთან საკმაოდ მოშორებითაა კიკოს მონასტერი. მე-18 საუკუნის 80-იან წლებში ხანძრის შედეგად დანგრეული მონასტრის აღდგენის საქმეს იმერეთის მეფეც შეწევია. კიკოსის მონასტრის სამრეკლო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მსგავსია. გუმბათიც მოყვანილობაც ჩვენებურ გუმბათს გავს. კიკოს მონასტრის მთავარ განძს, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიფარებული აქვს მეფე ერეკლე მეორის შეწირული წითელი აბრეშუმის ფარდა წარწერით: „ღმერთო, ქრისტიანობის იმედო, იცოდე და გახსოვდეს, რომ შენზე ვამყარებთ იმედს შენი მონა ერეკლე მეორე მეფე ზემო ივერიისა დარიათი და ასულუ ტატიანათი. ვინებენ შემოგწიროთ საჩუქარი ზეციერ ღვთისმშობელს ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის. 1780 წ.“ (ოთარ გიგინეიშვილი გაზ. კომ.). ასევე კიკოს მონასტრისათვის, იმერეთის მეფეს სოლომონს შეუწირია სოფელი ვარძია (ხარაგაულის რ-ნი.) ღვთისმშობლის მონასტრითურთ.
60-იანი წლების ბოლოს ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიმართა კვიპროსის მხარეს, რათა გაეწიათ დახმარება კვიპროსის არქივებში ქართველთა შესახებ არსებული დოკუმენტების მოძიებაში, მაგრამ მან მიიღო პასუხი, რომ კვიპროსის არქივებში არანაირი მსგავსი დოკუმენტები არ ინახება.
წმ. გიორგისთან დაკავშირებით, რომელიც კვიპროსზე მეტად პოპულარულია, ყურადღებას იქცევს იკონოგრაფიული პარალელები. ბევრი საინტერესო პარალელია ქართულ-კვიპროსულ არქიტექტურაში, რაც, ალბათ, როგორც კონტაქტების შედეგი, ასევე საერთო ტიპოლოგიის გამოხატულებაა.
თანამედროვე მდგომარეობა
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II და დეკანოზი ზაქარია ფერაძე
საქართველოსა და კვიპროსს შორის ტრადიციული ურთიერთობის აღდგენის მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით 2000 წელს კვიპროსზე გაიგზავნა ქართველი მოძღვარი - დეკანოზი ზაქარია ფერაძე. მამა ზაქარია საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობს მღვდელ ანდრია სხილაძესთან და დიაკონ დავით მაღლაფერიძესთან ერთად. შაბათ-კვირას ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მსახურობს, სადაც ბერძნულენოვანი მსახურება ტარდება, კვირის განმავლობაში კი 400 კმ რადიუსში უწევს მოძრაობა, ქართულ ნამონასტრალ ღალიაში პარაკლისს ატარებს, ჩადის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც ადგილობრივმა იერარქებმა გამოყვეს ეკლესიები, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს ღვთის დიდების საშუალება. ქართველი მრევლი ყოველ კვირას იკრიბება ღალიის ქართულ მონასტერში. აქ ოთხი დროშაა აღმართული: ორი საქართველოსი - სახელმწიფოსა და საეკლესიო, ბიზანტიისა და კვიპროსის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა ზაქარია მრევლთან ერთად იღწვის აგრეთვე კვიპროსზე ჩვენი ქვეყნის დიდი კულტურის წარმოჩენისა და გავრცელებისათვის. კვიპროსში მოღვაწეობს ჭედურობის ცნობილი ოსტატი, ბატონო თამაზ გოზალიშვილი, რომელსაც საზღვარგარეთ 50-ზე მეტ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან კვიპროსელებს ჭედურობის ახალი სკოლა დაუარსა. თამაზ გოზალიშვილის ჭედურობის ნიმუშები კვიპროსის სხვადასხვა მონასტრებშია დაცული.
2001 წლის ივნისში კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, უნეტარესი ქრიზოსტომოსის ოფიციალური მიწვევით, კვიპროსს ეწვია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ეს იყო მართლაც ისტორიული ვიზიტი, რადგან 2000 წლის მანძილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის წმიდა მიწაზე პირველად იმოგზაურა. კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომომსმა მას მოციქულ ბარნაბას ოქროს ორდენი გადასცა.
საქართველოს დელეგაცია კვიპროსზე ვიზიტის დროს (2001 წ.)
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ „კვიპროსიც და საქართველოც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნებია; იგი ჩვენი დედა და დიასახლისი; ჩვენი მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით და ამიტომაც გადავრჩით... კვიპროსს და საქართველოს უჩვეულოდ მრავალი მსგავსი ტკივილი და სიხარული აქვს. ვფიქრობთ, დადგა დრო, აღვადგინოთ საუკუნეობრივი ტრადიცია, უფრო ღრმად გავეცნოთ ერთმანეთს და განვამტკიცოთ ორმხრივი ურთიერთობა... ჩვენი ქვეყნების ეკლესიები მუდამ იყო ის უდიდესი ძალა, რომელიც აერთიანებდა ჩვენს ერებს. შემთხვევითი არაა, რომ კვიპროსზე, სოფელ იაილას მახლობლად არის სახელგანთქმული ქართული მონასტერი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მონასტერი აღდგება და ქართველი ბერები აქ სულიერ ღვაწლს გააგრძელებენ“.
გამოყენებული ლიტერატურა
ჯობაძე ვახტანგ, „შენიშვნები კვიპროსზე ქართული მონასტრის ჟალიას (ღალიას) შესახებ“, ჟურნალი „მაცნე“, 1987 წლის №4.
გიგინეიშვილი ოთარ, „კვალი კვიპროსისაკენ მიდის“, (საქართველოსა და კუნძულ კვიპროსს შორის არსებული კულტურული ურთიერთობის კვალის ძიება), გაზ. „კომუნისტი“.1963, 6 იანვარი, გვ. 4.
მიქაბერიძე ავთანდილ, „კვიპროსის კუნძულის ივერთა სიძველენი“ (ჟალიას ან ღალიას მონასტერი, სოფ. ალამინოს წმ. გიორგის ეკლესიამონასტრო ცენტრი). ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, 1985, # 1. გვ. 48-49.
ცისკარიშვილი სოსო, „თქვენ ხომ გცალიათ, ბატონო ათინოდოროს?!“, გაზეთი „ლიტერეტურული საქართველო“, 20 მარტი, 1987 წ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment